საქართველოს მთავრობა რისკავს კეთილ ნებას, რომელიც ქვეყნის მიმართ სენატში არსებობს – ჯორჯ კენტი | 02.04.2021

მმარველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკებებით და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისით უკმაყოფილოა ამერიკა.

“საქართველოს მთავრობა რისკავს კეთილ ნებას, რომელიც ქვეყნის მიმართ სენატში არსებობს” – ასე აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ამერიკის სახელწმიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. ჯორჯ კენტი ამბობს, რომ სასწორზე საქართველოს მომავალი განვითარება დევს, ამიტომ ამერიკა ელოდება, რომ  მოხდეს შეთანხმება და ქვეყანამ წინსვლა დაიწყოს. კენტის თქმით, ქართველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არსებობს ეროვნული პროექტი წარმატებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ეცადო პოლიტიკური მოწინააღმდეგის ბოლომდე განაგურებას.

“საქართველოსთვის სასწორზე იმ მომავლის გაგრძელებაა, რომელსაც მისი ლიდერები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის სურთ. რეფორმების ძალისხმევამ უნდა შექმნას სიტუაცია, როცა ქვეყანას წინ წასვლა შეეძლება და ექნება საკუთარი მომავლის შერჩევის შესაძლებლობა. ძალიან ცხადია ის, რომ წარმატების მისაღწევად საქართველოს ძირეული საარჩევნო სისტემის რეფორმები და სასამართლო სისტემის რეფორმები სჭირდება. მე ბოლომდე პატივს ვცემ ჩვენი კონგრესის, ჩვენი სენატის უფლებამოსილებას. ამაში შედის ბიუჯეტის დამტკიცებისა და დახმარების განაწილების უფლებამოსილება. ამერიკის კონგრესი საქართველოსთან მიმართებაში ძალიან ხელგაშლილი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ამერიკას საქართველოსთვის ხუთ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება აქვს გაწეული. ახლა ყოველწლიურად 135 მილიონი დოლარით ვეხმარებით. ეს, კონგრესის გადაწყვეტილებაა და არა ადმინისტრაციის. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს, სენატორების- რომლებმაც საქართველოს ეს დახმარება გაუწიეს, იმ შემთხვევაში, თუ მათ საჭირო ნაბიჯები არ გადადგეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ლიდერებისთვის იმის გაგება, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ ისინი დასასრულამდე მივიდნენ, მიაღწიონ შეთანხმებას და გაატარონ რეფორმები იმისთვის, რომ ქვეყანამ წინსვლა დაიწყოს,” –  აცხადებს ჯორჯ კენტი ამერიკსი ხმასთან ინტერვიუში.