ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისევ მძიმდება. ისევ ეწყობა საკონტროლო პუნქტები და იწყება მასობრივი ტესტირებები. ეპიდაფეთქებაა გურიაში, რის გამოც რეგიონში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, ლანჩხუთისა და ოზურგეთის რამდენიმე სოფლის საჯარო სკოლა და ბაღი დღეიდან დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. სოფლების ნიგოითის, ჩოჩხათის, ნიგვზიანის, წყალწმინდის და შრომის მოსახლეობის მასიური ტესტირებაც იწყება. შრომაში უკვე ვირუსის 25 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი. სოფელში ეპიდემიოლოგიური ვითარება 8 მარტის აღსანიშნავი სუფრის შემდეგ გამწვავდა და საერთო ჯამში სოფელში ინფიცირების 45-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
ეპიდსიტუაცია გაუარესდა შიდა ქართლშიც. იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო. აღნიშული სოფლების ტერიტორიაზე შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ტესტირება. ამ ეტაპზე შიდა ქართლის რეგიონის სამ სოფელსა და კასპის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება.
კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის გამო შეზღუდვები შესაძლოა ჭიათურის სოფელ ითხვისშიც დაწესდეს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან საჩხერის სამედიცინო ცენტრში დადასტურებული COVID-19–ის დიაგნოზით 18 პირი შეიყვანეს. ამ დროისთვის სოფელში ვირუსი 21 ადამიანს უფიქსირდება, 29 პირი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.
კორონავირუსის მზარდი შემთხვევების მიუხედავად ქვეყანაში ფართო ლოკდაუნი ამ ეტაპზე არ იგეგმება. თუმცა, ეპიდემიური სურათი საყურადღებოა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ადგილობრივი მატების ლოკალიზება მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს. ბოლო 24 საათში დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 2%-ს გადააჭარბა. გამოვლინდა 529 ახალი შემთხვევა და ვირუსს კიდევ 13 პაციენტი ემსხვერპლა. დღიური შემთვევების ნახევრაზე მეტი დედაქალაქში ფიქსირდება.
ინფიცირებულთა რიცხვის მატებას საგანგაშოდ მიიჩნევს განათლების სამინისტროც. უწყება თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რომ მოსწავლეებმა მიმდინარე წლის მეორე სემესტრის დასრულება სკოლის შენობაში შეძლონ. ამ დროისთვის 2085 საჯარო სკოლიდან, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 52 სკოლა და 121 ცალკეული კლასია გადასული.
ეპიდემიური მდგომარეობის გაუარესების პარალელურად გრძელდება ვაქცინაცია. ბოლო მონაცემებით კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოში 8 909 ადამიანია აცრილი, რომელთაგან 6893 „ასტრაზენეკათი“ აიცრა, 2016 პირი კი – „ფაიზერით“. დღეიდან ვაქცინაზე რეგისტრაცია 55 წელს ზემოთ ადამიანებსაც შეუძლიათ. აცრისთვის ვიზიტზე მისვლის შესაძლებლობა 5 აპრილიდან ექნებათ. ხვალ საქართველოში ჩინური ვაქცინაც შემოვა, თუმცა, აცრის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც „სინოფარმი“ ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს. საუბარია 100 000 ერთეულზე.
გაზრდილი შემთხვევების ფონზე სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვას ისევ მკაცრად სთხოვენ. პირბადე, სოციალური დისტანცია, თავშეყრებისთვის თავის არიდება და ვაქცინაცია – ეს ის იარაღებია, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტურია. როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ამ მარტივი წესების დაცვით შესაძლოა ფართო ლოკდაუნს ავცდეთ.