საქართველოში ბრიტანული შტამის კლასტერები ფართოვდება. ინფიცირებულების რაოდენობა 72-მდე გაიზარდა. პაატა იმნაძის განმარტებით, დაავადებულთა შორის იყო კლასტერებიც, მათ შორის ერთ-ერთი კლასტერი 19 ადამიანისგან შედგება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, საეჭვო შემტხვევების კვლევა ისევ მიმდინარეობს. რაც შეეხება რეინფიცირების შემთხვევებს, ასეთი ქვეყანაში სამია.
მზარდია კორონაივრუსის დღიური შემთხვევების რაოდენობაც. ახალი შემთხვევების გაზრდის ფონზე, „კომენდანტის საათის“ მოხსნის საჭიროებას ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ვერ ხედავს. ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ შეზღუდვის მთავარი მიზანი მობილობის შემცირებაა. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 7 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი ისევ დედაქალქში ფიქისრდება. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.74 %-ს შეადგენს. ეს სტატისტიკა 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 28 712 ტესტიდან დაფიქსირდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში COVID-19-ს 4 845 პაციენტი ებრძვის.
ქვეყანაში ვაქცინაციაზე აქტივობა გაზრდილია. ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 8536 ადამიანია აცრილი. ვაქცინირებული ადამიანებიდან გვერდითი მოვლენები ან რეაქცია 27-ს გამოუვლინდა. მათგან 4 შემთხვევაში ინტენსიური თერაპია გახდა საჭირო, 3 შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია, ხოლო 2 შემთხვევაში რეანიმაციაში გადაყვანა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლების განმარტებით, ორსულების აცრის პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს. მათი თქმით, ორსულ ქალებში კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციასთან დაკავშირებით ჯერ კვლევები არ არის ჩატარებული.
შაბათს საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინა შემოვა. 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ქვეყანამ შეიძინა, ხოლო კიდევ 100 ათასი დოზა ჩინური „სინოვაკი“ ჩინეთმა საქართველოს აჩუქა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თითო ჩინურ ვაქცინაში დაახლოებით, 18-20 დოლარია გადახდილი, მაშინ როდესაც „ასტრაზენეკა“ 4-5 დოლარი, „ფაიზერი“ კი დაახლოებით 11-12 დოლარი დაჯდა. ჩინური ვაქცინა “ფაიზერისა” და “ასტრაზენეკასგან” განსხვავებით, ძველი მეთოდით არის დამზადებული და მასში ინაქტივირებული ვირუსია.
დღეიდან კი გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა. მუშაობა განაახლეს გასართობმა ცენტრებმა და თეატრებმა. ისინი რეგულაციების დაცვით იმუშავებენ. თეატრებმა, სპორტულმა კლუბებმა, ასევე პროფესიულმა ანსამბლებმა რეპეტიციები და ვარჯიში 15 მარტიდან განაახლეს.