ხანგრძლივი და გადამწყვეტი მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება უცვლელი რჩება | 31.03.2021

ხანგრძლივი და გადამწყვეტი მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება უცვლელი რჩება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ ხუთპუნქტიან დოკუმენტს ხელი არც მმართველმა პარტიამ და არც ოპოზიციამ მოაწერეს. შედეგად პოლიტიკურ კრიზისში მყოფი ქვეყანა გამოსავლის გარეშე დარჩა, პარტიები კი ისევ ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან.

“ქართული ოცნება” ირწმუნება, რომ დიალოგი ოპოზიციამ ჩაკეტა, ორი ულტიმატუმის დაყენებით, რომლებიც  ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხებოდა. მათივე თქმით, ოპოზიციამ მოდერატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, ვინაიდან მასში ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე საუბარი არ იყო. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით მათ არც ერთი ულტიმატუმი არ დაუყენებიათ, თუმცა დანიელსონის დოკუმენტში ასახულ ოთხპუნქტთან დაკავშირებით მსჯელობის გაგრძელება სურდათ.

ოპოზიცია კი მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” არაფრის დათმობას არ აპირებს. მათი თქმით  მმართველი გუნდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადებების დიდი ნაწილი,  მათ შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხებიც კი. ოპოზიცია არ უარყოფს, რომ მათთვის ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხი პრინციპულია, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ გარკვეულ კომპრომისზე წასასვლელად მზად იყვნენ.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი კი  შეთანხმების ჩაშლაში ისევ ოპოზიციას ადანაშაულებს. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” დოკუმენტის ხელმოწერისთვის მეტი მზაობა ჰქონდა, თუმცა ოპოზიციისთვის პარტიული დღის წესრიგი,  ქვეყნის მომავალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

როგორც შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ თქვა, მის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს ხელი არც ერთმა პარტიამ არ მოაწერა. კრისტიან დანიელსონის თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან კომპრომისის მზაობა არ ყოფილა და ამ პროცესში ხაზი, ხელისუფლების განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გაუსვა.

ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ კრისტიან დანიელსონმა ის 5 პუნქტიანი დოკუმენტიც გამოაქვეყნა, რომელიც გუშინ პარტიებს წარუდგინა. პირველი პუნქტის თანახმად  ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტში შესული პარტიები ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას მოახდენენ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. გარდა ამისა პარლამენტმა უნდა მოახდინოს რეგლამენტში ცვლილებები, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა. საკანონმდებლო და რეგლამენტში ცვლილებებისთვის კი პარლამენტში ყველა ხელმომწერი პარტია უნდა შევიდეს. დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, სასამართლოს რეფორმაზე, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებაზე და მომავალ არჩევნებზე, თუმცა დოკუმენტში ნახსენები საერთოდ არ არის ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი საქართველოდან ბრიუსელში უკვე გაემგზავრა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს შარლ მიშელი და რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი მალე გაირკვევა. მანამდე კი ოპოზიცია სამოქმედო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მუშაობას ორი მიმართულებით აპირებენ. ესენია საერთაშორისო პარტბიორების სწორი ინფორმირება და მაშტაბური საპროტესტო აქციისთვის მზადება, რომელიც 15 მაისს იგეგმება.