ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ ივანე მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. მაჭავარიანი არ ასახელებს თანამდებობის დატოვების მიზეზს, მაგრამ განმარტავს, რომ პოსტიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ იყო კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადადო.
“მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ვიცე–პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად, დაახლოებით, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი. ჩემთვის პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა იყო მემუშავა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად. მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის ფინანსთა სამინისტროს შესანიშნავ გუნდს. მადლობა ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, სახაზინო და საფინანსო–ანალიტიკური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურების თითოეულ თანამშრომელს. მეამაყება რომ ვმუშაობდი თქვენთან ერთად,” – წერს ივანე მაჭავარიანი.