ეროვნული ვალუტა რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს, რის გამოც თითქმის ყოველდღე პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასები იზრდება. გაუფასურებული ლარის გამო უარესდება მოსახლეობის სოციალური ფონიც. ლარის გაუფასურებამ ფასები პროდუქტებზე მკვეთრად გაზარდა. ფასები განსაკუთრებით არის მომატებული პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. გაორმაგებულია ზეთის, შაქრის, ფქვილის და სხვა პროდუქტების ფასები.
ლარის რეკორდული გაუფასურების ფონზე ეკონომისტები პროდუქტებზე ფასების მომატებას კვლავ პროგნოზირებენ. ამბობენ რომ ეროვნული ვალუტის დასტაბილურება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ქვეყნის ეკონომიკური გუნდი მოვალეობას ვერ ასრულებს. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ფასები მოიმატებს როგორც იმპორტირებულ პროდუქტებზეც, რაზეც გავლენას საგარეო ფაქტორები ახდენს. გამოსავალზე საუბარი დარგის სპეციალისტებისთვის რთულია თუმცა თვლიან, რომ საჭიროა დროული ვაქცინაცია, რათა ქვეყანა გაიხსნას და ეკონომიკა ამუშავდეს.
ეროვნული ვალუტის დრამატულ გაუფასურებასა და გაზრდილ ფასებზე საუბრობენ მმართველ პარტიაშიც, თუმცა “ქართული ოცნება” პასუხისმგებლობას ირიდებს. ამბობენ, რომ პანდემიის გარდა, ეკონომიკურ კრიზისზე გავლენას ოპონენტები ახდენენ, რომლებიც კრიზის ხელოვნურად ქმნიან.
ეროვნული ბანკის დღეს დადგენილი კურსით ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა. 1 ამერიკული დოლარის ფასი, 3 ლარი და 44 თეთრია. ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც – ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4 ლარია. კურსი გაცილებით მაღალია კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში.