“გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას,” – ასეთია ექს პრემიერის ახალი პოლიტიკური გზავნილი. ყოფილი პრემიერი სოციალურ ქსელში, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის 30 წლისთავთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და მთაწმინდაზე, ზვიად გამსახურდიას საფლავთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. როგორც გიორგი გახარია წერს, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყების თარიღია. მისი თქმით, სახელმწიფოს მშენებლობა გრძელი და გამოწვევებით სავსე პროცესია და ამ პროცესში თითოეული მოქალაქე ვალდებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს. ყოფილი პრემიერი ხაზს უსვამს პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულების აუცილებლობას.