შსს პანდემიის ფონზე 5.6 მილიონი ლარის ღირებულების 60 პიკაპს ყიდულობს | 30.03.2021

კორონაპანდემიის და ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მთავრობა  5 672 400 ლარს მანქანების შესაძენად ხარჯავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო 60 პიკაპს ყიდულობს.

კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ  გუშინ გამოაცხადა. შესყიდვის თანახმად ერთი პიკაპის სავარაუდო ღირებულა 94 540 ლარი იქნება. სატენდერო დოკუმენტაცით ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო  ახალ, თეთრი ფერის არაუგვიანეს 2020 წელს  გამოშვებულ პიკაპებს შეიძენს. ავტომობილებს 102 ცხენის ძალა უნდა ჰქონდეს. ტენდერს ძალიან მცირე სულ 3 დღიანი ვადა აქვს. ის პირველ აპრილს იწყება და 4 აპრილს სრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, მომწოდებელი ვალდებულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება 2021 წლის პირველ ივლისამდე განახორციელოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერი ოპოზიციას ეჭვებს უჩენს. ამბობენ, რომ იმ ფონზე, როდესაც ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება, მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა და  ქვეყანაში პანდემიის გამო, ეკონომიკა  გაჩერებულია, ამხელა თანხას მთავრობა  არამიზნობრივად ხარჯავს. ოპოზიციისთვის საეჭვოა ტენდერის ვადებიც. ამბობენ, რომ ტერნდერს, როგორც ეს ხშირად ხდება, “ქართული ოცნებასთან” დაახლოებული პირის კომპანია მოიგებს.