კომენდანტის საათის მოხსნა არ იგეგმება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდემოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით ამ შეზღუდვის მოხსნას არ აპირებენ. ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, გურიის რეგიონში ეპიდსიტუაციის გაუარესება შეინიშნება. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს დაიცვას და რეგიონის ჩაკეტვა საჭრო არ გახდება. ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდადი მაჩვენებლების ფონზე, სკოლების დახურვის შესახებ მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. მინისტრი ამბობს, რომ სასწავლო დაწესებულებები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დაიხურება.
ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის პროცესზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში Pfizer-ის ვაქცინა ყველაზე მეტად ტრენდული აღმოჩნდა. ეკატერინე ტიკარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალციხეში გარდაცვლილ ექთანთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი გაეცემა და მოსახლეობას AstraZeneca-ს ვაქცინის მიმართაც ნდობა აღუდგება. მინისტრის ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და რეგულირების სააგენტო ექთნის გარდაცვალებაზე დასკვნას 29 მარტს წარადგენენ, თუმცა მისი თქმით წინასწარი ინფორმაციით, ექთნის სიკვდილის პირდაპირი მიზეზი ვაქცინა არ ყოფილა. ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის რეგიონებში ვიზიტი დაიწყო.
რესპუბლიკური საავადმყოფო AstraZeneca-ით ვაქცინაციის პროცესს წყვეტს და Pfizer-ით ვაქცინაციაზე გადადის. კლინიკის დირექტორის განცხადებით, მაშინ, როდესაც Pfizer-ის ვაქცინა დამთავრდება, აცრის პროცესი კვლავ AstraZeneca-თი გაგრძელდება.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის 11 273 პირია დარეგისტრირებული. მათ შორის Pfizer-ით აცრის სურვილი 9 000-მა ადამიანმა გამოთქვა, 2000-მდე ადამიანი კი AstraZeneca-ს რიგშია. ამ ეტაპზე საქართველოში სულ 4 281 პირია აცრილი. შესაბამისად, გასული ერთი დღის განმავლობაში 129 ადამიანი აიცრა. ქვეყანაში AstraZeneca-თი ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს, Pfizer-თი იმუნიზაცია კი დარეგისტრირებულ მოქალაქეებს 30 მარტიდან შეეძლებათ.
რაც შეეხება სტატისტიკას. 419 ახალი შემთხვევა, 307 გამოჯანმრთელებული და 6 გარდაცვლილი – ასეთია ბოლო 24 საათის მონაცემები. დადებითობის მაჩვენებელი ისევ 2%-ზე ნაკლებია. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 279 446 შეადგინა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 271 585 -ია, ხოლო გარდაიცვალა 3738 ადამიანი.