„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის ემზადება. ცვლილებებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი 3%-მდე დაიწევს, ფრაქციას კი 7 დეპუტატის ნაცვლად 4 დეპუტატი შექმნის. საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა პარლამენტმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველ გუნდსა და პარლამენტი შესულ პარტია “მოქალაეებს” შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მმართველი გუნდი დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოპოზიციას შევიდნენ პარლამენტში თუნდაც ერთჯერადად და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მხარი დაუჭირონ.
საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად, ოპოზიციის წევრების პარლამენტში შესვლის იმედი აქვს პარტია “მოქალაქეებს”. როგორც ლევან იოსელიანი ამბობს, მას ვისაც ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება უნდა, განხილვებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. იოსელიანის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმა ქვეყნის ღალატი იქნება.
ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია, საკონსტიტუციო ცვლილებებს სატყუარას უწოდებს. ამბობენ, რომ ეს ინიციატივა საინტერესო მხოლოდ მაშინ იქნებოდა თუ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხზე ოპოზიციის წინადადებას გაიზიარებდა.