ბიძინა ივანიშვილის მორიგი “ტრიუკი” თუ რეალური მესამე პოლიტიკური ძალა-შეფასებები გახარიას დაბრუნებაზე | 23.03.2021

უკვე ორი დღეა გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაანონსებული დაბრუნება მთავარი პოლიტიკური საკითხია. ეჭვს, რომ ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარიას ე.წ მესამე ძალად ამზადებს, ისიც ამყარებს, რომ  სოციალურ ქსელ – Facebook-ში გვერდმა  “ბიძინა ივანიშვილი და მედია” დღეს დილით სახელი შეიცვალა და “გახარია და მედია” გახდა.  “ბიძინა ივანიშვილი და მედია” 2011 წლის ოქტომბერიდან არსებობდა და მას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა მართავდა. ამ გვერდზე ვრცელდებოდა ბიძინა ივანიშვილის წერილები და განცხადებები. დღეიდან  კი  გვერდის   ახალი სახელი “გახარია და მედიაა”.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკაში  დაბრუნება  ბიძინა ივანიშვილის მორიგი პროექტია, რადგან მათივე  შეფასებით, ყოფილი პრემიერი პოლიტიკურ ველზე  დამოუკიდებლად თამაშს ვერ შეძლებს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური “ტრიუკების” მიუხედავად, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარია ხალხის ნდობის მოპოვებას ვერც დაბრუნების შემდეგ შეძლებს.

პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ  გიორგი გახარიამ  twitter-ზეც დაწერა და განმარტა, რომ   ამჟამად ის საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ვიდრე ყოფილი პრემიერი მის პოლიტიკურ გეგმებზე უფრო მეტს იტყვის, “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც  “ქართულ ოცნებას” სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.

გიორგი გახარიამ პრემიერის  თანამდებობა 18 თებერვალს, მას შემდეგ დატოვა, რაც სასამართლომ ნიკა მელიას დაკავების ნებართვა გასცა. ამ განცხადებიან ზუსტად 1 თვის შემდეგ  კი  გიორგი გახარია ახალი  პოლიტიკური განაცხადისთვის ემზადება.