გაგრძელება თუ არა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგი ევროკავშირის მაღალჩინოსნის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით. ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც ის ევრობის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდება. კრისიტიან დანიელსონის მისიის გაგრძელების შესახებ დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომელზეც მონაწილეებმა დიალოგის გაგრძელების ინიციატივა მოიწონეს.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიცია ახალა მასშტაბურ აქციებს აანონსებს. ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავა და ევროპელი პარტნიორების მცდელობის მიუხედავად, მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა კიდევ უფრო რთული გახდა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ერთადერთი გამოსავალი ამ ეტაპზე საპროტესტო აქციებია ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხის გაძლიერებაც. რაც შეეხება პარტია “გირჩს” ის ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს როგორც ხელისუფლებასთან ასევე ოპოზიციასთან.
მმართველი გუნდი პოზიციებს არ თმობს და იმეორებს, რომ მოლაპარაკებების ჩაშლა სწორედ ოპონენეტების პასუხიმგებლობაა. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ კრიზისი ხელოვნურად არის შექმნილი. მმართველი პარტიისთვის დღესაც წითელი ხაზია ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.
მძიმე პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად ორივე მხარე აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია პოზიციებს არ თმობს. ხელისუფლების ოპონენეტები უკვე პირველ საპროტესტო აქციას 15 მაისს გამართავენ.