კრისტიან დანიელსონმა საქართველო ხელცარიელმა დატოვა – 7 დღიანი უწყვეტი მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ნულოვანი შედეგით დასრულდა. კამერების წინ შეთანხმებისვის გამოცხადებული ღია მზაობის მიუხედავად, მხარეებმა უკან დახევას მაინც პრინციპული პოზიციის შენარჩუნება ამჯობინეს. ოპოზიცია, რომელიც დამდგარ შედეგზე პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს, სამომავლო გეგმებზე მსჯელობს. გეგმებს შორის ერთ-ერთი მასშტაბური აქციებია.
“ქართულმა ოცნებამ” ევროპას კარი დაუხურა – ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ჩაშლილი მოლაპარაკებით ევროპას პირდაპირ უთხრა, რომ საქართველო დემოკრატიული გზით განვითარებას არ აპირებს. ოპოზიციის თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი კომპრომისულ ვარიანტებამდე არც კი მისულა, რადგან “ოცნების” გუნდმა თითოეული შეთავაზება დაახარვეზა და მოლაპარაკებები ჩაშლისთვის გაწირა. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები ამბობენ, რომ უახლოს პერიოდში საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი უმწვავესი იქნება.
ოპოზიცია სააკაშვილია, სააკაშვილს კი მხოლოდ არეულობა სურს – ასეთია “ქართული ოცნების” პასუხი მოლაპარაკებების იმ რაუნდზე, რომელიც მედიატორის ძალისხმების მიუხედავად, წარუმატებალად დასრულდა. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ოპოზიცია გუშინდელ შეხვედრაზე ულტიმატუმების ენით საუბრობდა, რამაც შეთანხმების შანსები მინიმუმადე დაიყვანა. უმრავლესობის თქმით, ოპოზიციამ მათი შეთავაზებები მხედველობაში არ მიიღო, რადგან კრიზისის განმუხტვის სურვილი ოპოზიციას რეალურად არ ჰქონია.
10 საათიანი შეხვედრა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდნეტის პირადი წარმომადგენელი 1 კვირის განმავლობაში უძღვებოდა, ისტორიული, თუმცა უშედეგო აღმოჩნდა. შეხვედრის შემდეგ ტრიბუნასთან პირველი კრისტიან დანიელსონი გამოჩნდა, რომელმაც საზოგადოებას პოზიტიური ინფორმაცია ვერ მიაწოდა და რამდენიმე წუთში ევროკავშირის ოფისი დატოვა. დანიელსონმა დაანონსა, რომ ის რაც მან თბილიისში ნახა და მოისმინა, ყველაფერს შარლ მიშელთან განიხილავს.
მოლაპარაკებები დაპაუზდა, თუმცა მხარეები არ გამორიცხავენ, რომ სხვა მედიატორით და სხვა ფორმატით პროცესი ისევ გაგრძელდეს. როგორი შედეგი მოჰყვება უმაღლესი დონის დიპლომატების ჩართულობით წამოწყებული დიალოგის ჩავარდნას, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, კრისტიან დანიელსონის ანგარიშს მოისმენს.