სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა, რასაც წულაიას პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობდა,რომ საქმეში დასამალი არაფერია.
თავად ბრალდებული გოგი წულაია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. სწორედ ამიტომ დაცვის მხარე მისი 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატის თქმით, მტკიცებულებები არ არსებობს და ბრალდება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზეა აგებული.
განსხვავებულია ბრალდების მხარის ინფორმაცია. პროკურორის განმარტებით, დაზარალებულის ჩვენების გარდა, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეომასალა, რომელშიც რიგი ფაქტობრივი გარემოებებია ასახული.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. სამართალდამცავებმა გოგი წულაია მას შემდეგ დააკავეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა. მძიმე ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და განმარტავს, რომ მას ნაცნობი ქალბატონი პროვოკაციის მოწყობის მიზნით მიუგზავნეს.