კომენდანტის საათი ისევ ძალაშია. როგორც სააკორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განმარტეს, გადაადგილების შეზღუდვა ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტია მობილობის შესამცირებლად. თუმცა, დღესვე გაირკვა, რომ საკითხი დღის წესრიგში დგას და მომავალში მიუბრუნდებიან.
სააკორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი შეზღუდვები მოხსნა. ხვალიდან კვების ობიექტებში დაშვებული იქნება ცოცხალი მუსიკა. 1 აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობას განახლებენ საბავშვო-გასართობი ცენტრები და კინოთეატრები. 28 მარტს კი, დინამო არენაზე, გულშემატკივრებს საქართველოსა და ესპანეთს შორის მატჩზე დასწრება შეეძლებათ. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.
ნოვრუზის დღესასწაულზე ე.წ. კომენდანტის საათი არ მოიხსნება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, კულტურულ, რელიგიურ და მსგავს დღესასწაულებზე ხალხმრავლობიდან გამომდინარე, ასევე ვირუსის გავრცელების მომატებული რისკის საფრთხის გამო, მსგავს დღესასწაულებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის.