ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდაში – საპატრიარქოს პასუხი გამყრელიძეს | 17.03.2021

ვაქცინაცია ქვეყანაში ისევ ნელი ტემპით გრძელდება. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მიმართ საზოგადოებაში ისევ სკეპტიციზმია. დაავადებათა კონტროლის ცენტრი დახმარებისთვის ეკლესიას მიმართავს. პაატა იმნაძე სამღვდელოებას სთხოვს ვაქცინაციის პროპაგანდაში მიიღონ მონაწილეობა, რომ ქვეყანაში აცრის პროცესი გეგმის მიხედვით წარიმართოს. გამყრელიძემ მზაობა განაცხადა ნებისმიერი სახის შეხვედრებისთვის და აღნიშნა, რომ მათთვის საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა დიდი პატივია.

საპატრიარქო ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერაზე უარს ამბობს.  ეკლესია ვაქცინაციის პროპაგანდასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს, მხოლოდ ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენციაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ ვაქცინაციასთან მიმართებით ნებისმიერი ადამიანი არჩევანში თავისუფალია. ამირან გამყრელიძის თხოვნას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოციალურ ქსელში უპასუხა და მიზეზად 11 თებერვლის სინოდის განჩინება მოიყვანა, სადაც წერია, რომ ნებისმიერი ადამიანი შევიწროვების, შეურაცხყოფის ან დევნის ობიექტი არ უნდა გახდეს როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.

თბილისის გარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები გრძელდება რეგიონებშიც. დღეს აცრა შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით უკვე 29 სამედიცინო დაწესებულებაში. ეს მაჩვენებელი კვირის ბოლომდე 89-მდე გაიზრდება. AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილი მედპერსონალი კოლეგებს მეტი აქტიურობას მოუწოდებენ.

ბოლო მონაცემებით AstraZeneca-ს ვაქცინა სამედიცინო სფეროს 1842 წარმომადგენელს აქვს გაკეთებული. საკუთარ რიგს კი ჯანდაცვის სექტორის 4935 მუშაკი ელოდება. ამ დროისთვის აცრილ ადამინებში სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. სპეციალისტები მათ მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებენ და განამარტავენ, რომ მთელს მსოფლიოში პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო იარაღი ვაქცინაციაა.