გადამწყვეტი მოლაპარაკებების წინ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ რიტორიკა ისევ შეცვალა. ირაკლი კობახიძე შარლ მიშელის პირად წარმომადგენლთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ძველ რიტორიკას დაუბრუნდა, ოპოზიციას კრიმინალები უწოდა და თქვა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას ოპოზიცია არაადაკვატურს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, კობახიძის აგრესიული ტონი მოლაპარაკებებს ხელს უშლის. თვლიან, რომ კობახიძეს დავალება აქვს მიღებული, მოლაპარაკებები ჩაშალოს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ირაკლი კობახიძის შეფასებებს ამ ეტაპზე ყურადღება არ უნდა მიექცეს.
“ქართული ოცნების” წევრები თანხმდებიან, რომ მოლაპარაკებების პროცესში რბილი ტონი და რიტორიკა მნიშვნელოვანია, თუმცა პარალელურად ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას ამართლებენ და ამბობენ, რომ ეს არა პირადად კობახიძის მოსაზრება, არამედ ფაქტია. მათივე თქმით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ასეთი ტონი სწორედ ოპოზიციის ბრალია.
ირაკლი კობახიძემ კრიმინალებად მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია და გიგი უგულავა მოიხსენია. თქვა, რომ ეს ადამინები იპარავდნენ ხალხის ფულს და ადამიანებს აწამებდნენ. კობახიძს განმარტებითვე, მათი დანაშაულებები აღიარებულია სხვადასხვა ინსტანციის მიერ და ვერც ერთი სარჩელის გაგზავნას სტრასბურგში ვერ ბედავს. ამ განცხადებას გუშინვე სოციალური ქსელით უპასუხა გიგი უგულავამ და თქვა, რომ სტრასბურგის სასამართლოში ორი სარჩელი აქვს შეტანილი და ეს სარჩელი წარმოებაში მიღებულია. მისივე თქმით, როცა ამ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება, ირკალი კობახიძე პოლიტიკაში აღარ იქნება.