ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო | 15.03.2021

ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. ექიმები, ექთნები, სანიტრები, ლაბორანტები, სტომატოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, ეპიდემიოლოგები და  ადმინისტრაციული მუშაკები – ეს ის ადმიანები არიან, ვინც ვაქცინაციას პირველ ეტაპზე ექვემდებარებიან. სწორედ პაატა იმნაძე იყო  ერთ-ერთი პირველი, ვინც COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა საჯაროდ გაიკეთა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ  კოლეგებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა და თქვა, რომ აცრა არის ერთადერთი გზა იმისა, რომ ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების იმუნიზაციის პროცესს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაეცნო ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ წელს მილიონ 700 ათასამდე ადამიანი აიცრება, ქვეყანა შეძლებს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. თავად კი მას შემდეგ აირცება, რაც კორონავირუსის დადასტურებიდან 120 დღე გავა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის განმარტებით, თუ ეპიდ მდგომარეობა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში სტაბილური იქნება, 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა შესაძლოა მარტის ბოლოს შემსუბუქდეს.

ქვეყანაში პირველი ადამიანი ზუგდიდში აიცრა. ვაქცინა „ევექსის“ ექიმმა გაიკეთა. დილითვე აიცრა 73 წლის თამარ გიორგაძეც, რომელიც ვაქცინაციაზე პირველი დარეგისტრირდა. COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა კლინიკების ხელმძღვანელებმა უკვე გაიკეთეს და დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდეს. მათ აცრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ  ვაქცინაცია ერთადერთი რეალური შესაძლებლობაა ყველაზე სერიოზული და მძიმე გამოწვევის დასამარცხებლად. ვაქცინირებული ექიმები კოლეგებს იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ.

თბილისის გარდა ვაქცინაციის პროცესი ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში დაიწყო. COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი აცრა აჭარაში რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა გაიკეთა. ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ  ექიმების ნაწილი ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, ამიტომ ის მოუწოდებს ყველას ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში. დღის ბოლომდე ბათუმში 100-მდე მედპერსონალი აიცრება.

ვაქცინაციის პროცესის დაწყების და ექიმების მოწოდებების მოუხედავად, მოსახლეობაში იმუნიზაციის პროცესის მიმართ ნდობა დაბალია. მოქალაქეების ნაწილს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს. მიზეზად კი ვაქცინის მიმართ უნდობლობას ასახელებენ. მოსახლეობის  ნაწილი კი ვაქცინაციის პროცესის მომხრეა და ფიქრობს, რომ ცხოვრების ჩვეული რეჟიმის დაბრუნებისთვის კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება აუცილებელია.

AstraZeneca-ს 43 200 ცალი ვაქცინა, საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა. რევაქცინაციისთვის საჭირო 86 000 დოზა კი ქვეყანაში აპრილის მეორე ნახევარში შემოვა. ამ დროისთვის, დარეგისტრირებულია და საკუთარი რიგის ნომერი აქვს 2 ათასზე მეტ მედპერსონალს. როგორც ჯანდაცვის უწყებამ დააანონსა, მომდევნო კვირაში ფაიზერის ვაქცინის 14 500 ადამიანის ასაცრელად საჭირო დოზაც უნდა შემოვიდეს.