“TV პირველი” სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. ტელეკომპანიის იურისტმა სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პროკურატურას ტელეკომპანიისგან მასალების იძულებით ამოღების უფლება მიეცა. გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ პროკურატურის და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების მიუხედავად, ტელევიზიაში შეჭრის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. სწორედ ამიტომ “TV პირველის” ადვოკატი მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის მიერ გაცემული განჩინების გაუმქებას ითხოვს. მშვენიერაძე ამბობს, რომ ეს დოკუმენტი უკანონოა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას გულისხმობს.
ტელეკომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება ტელევიზიაში შეჭრას არ აპირებს, დააკმაყოფილოს მათი საჩივარი და გააუქმოს პირველი ინსტანციის განჩინება. ნოდარ მელაძის თქმით, თუ გამოძების საგანს წარმოადგენს ჟურნალისტური გამოძების ფარგლებში მოპოვებული აუდიოჩანაწერები, მაშინ პროკურატურამ სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით უნდა მიმართოს.
“TV პირველის” ირგვლის განვითარებულ მოვლენებს დღეს პირველად გამოეხმაურა მტავრობის მეთაური. ირაკლი ღარიბაშვილი საფუძველს მოკლებულს უწოდებს იმ ფაქტს, თითქოს მთავრობა რომელიმე ტელევიზიაში შეჭრას აპირებს. პრემიერის განცხადებით, არავითარი პანიკის და განგაშის საფუძველი არ არსებობს. “TV პირველზე” შეტევას უარყოფენ “ქართული ოცნების” წევრებიც.
“TV პირველში” მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი. კრისტიან დანიელსონი ამბობს, რომ ევროკავშირი მსგავს საკითხებს ყურადღებით აკვირდება. დანიელსონი ამბობს, რომ ის კონკრეტულ შემთხვევას არ იცნობს თუმცა აქვე განმარტავს, რომ მედიის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია.
“TV პირველის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება საქართველოში ამერიკის საელჩოც. საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ სასამართლო არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის. საელჩოში აცხადებენ, რომ გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები.
“TV პირველი” პროკურატურის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც ბერა ივანისვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის სკანდალური აუდიო ჩანაწერები გავრცელდა. სასამართლომ პროკურატურას “TV პირველიდან” ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების, “წინააღმდეგობის გაწევისას” კი “იძულების პროპორციული ზომის” გამოყენების უფლება მისცა. ეს ფრაზა კი ტელეკომპანიის წარმომადგენლებს უჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება დამოუკდიებელ მედიაზე შტურმს და თავისუფალი სიტყვის გაჩუმებას ცდილობს. მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის განჩინებაზე გუშინ პროკურატურამ რამდენიმე განმარტება გააკეთა. შოთაძის უწყება ირწმუნება, რომ ტელევიზიაში შეჭრას არავინ აპირებს.