შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში რთული მისიით ჩამოდის | 11.03.2021

შვედი დიპლომატის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე მმართველი გუნდის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულება, რასაც საკანონდებლო ორგანოში ოპოზიციის შესვლა მოჰყვება. “ქართულ ოცნების” წევრები დღეს მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციასაც გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდის ნაწილი ვადამდელი არჩევნების 2023 წელს დანიშვნას ემხრობა.

მაღალი დონის ევროპელი პარტნიორის ჩამოსვლას ელოდება საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსიც. ელჩები პირდაპირ ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა რთულია, ამიტომ აუცილებელია მხარეებმა საერთო ენა გამონახონ და კომპრომისულ ვარიანტებზე შეჯერდნენ.

ის რაზეც თბილისში მომდევნო დღეების განმავლობაში შეთანხმდებიან, ქვეყნის პრემიერი ბრიუსელში 16 მარტს წარადგენს. ოფიციალურ ვიზიტამდე საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ევროპელ პარტნიორებთან საუბარი ყველა იმ საკითხზე შედგება, რაზეც ბოლო პერიოდია ევროპა ყურადღებას ამახვილებს. უწყების ხელმძღვანელი ოპოზიციასთან დადეგმილი მოლაპარაკებების საკითხსაც შეეხო.

გახდება თუ არა კრისტიან დანიელსონის ვიზიტი ქართული პოლიტიკური რეალობისთვის გარდამტეხი – შვედი დიპლომატი შეხვედრებს მხარეებთან ჯერ ცალ-ცალკე შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გამართავს. არსებული დაპირისპირების მიუხედავად კი ყველა თანხმდება რომ სიტუაციის გამოსწორების გზა მხოლოდ პოლიტიკურ შეთანხმებაზე გადის.