საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოსა და შტატებს შორის პარტნიორობა ყველა მიმართულებით მაღალ ნიშნულზეა, რაც მისივე განმარტებით, რუსეთს აწუხებს. როგორც ზალკალიანი ამბობს, რუსეთი ცდილობს, ქართულ საზოგადოებაში დაბნეულობა შემოიტანოს და საკითხი იმგვარად წარმოაჩინოს, თითქოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით შეუთანხმებლობაა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი, სერგეი ნარიშკინი თვლის, რომ თეთრ სახლში გაღიზიანებულები არიან “ქართული ოცნების” კურსის გამო. ნარიშკინის შეფასება რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც ნარიშკინი ამბობს, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ სისტემურად იმუშაონ ოპოზიციის დასახმარებლად და ამავდროულად, ცდილობენ „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევას.