ბრიუსელში გამგზავრებამდე ირაკლი ღარიბაშვილს 6 დღე რჩება. 16 მარტს ევროპარლამენტარები პრემიერ-მინისტრს კონკრეტული შედეგებით ელოდებიან, თუმცა ღარიბაშვილი ჯერჯერობით ხელცარიელია. ქვეყანაში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით პრემიერი ოპოზიციას ამ დრომდე არ შეხვედრია. განუხილველია ის საკითხებიც, რომლებიც მმართველ გუნდს და ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდაზე ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დაუტოვა. არადა ევროპარლამენტში დიდი იმედი აქვთ, რომ შარლ მიშელის მედიაციით განახლებული დიალოგი შედეგს გამოიღებს და პოლიტიკური შერიგება შედგება. სწორედ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი იყო ევროპარლამენტში გუშინ უმწვავესი შეფასებების და დებატების მიზეზი.
გადაწონის თუ არა ხალხის ინტერესები პარტიულ ინტერესებს მალე გაირკვევა. ევროპარლამენტარებს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის იმედი გასული წლის მარტშიც ჰქონდათ, თუმცა როგორც ამბობენ ერთი წლის თავზე ვითარება იმაზე უარესია, ვიდრე 8 მარტის შეთანხმების დროს იყო. ევროპელი პოლიტიკოსები მოუწოდებენ ქართველ მეგობრებს ევროპისკენ მოქცევა დაიწყონ.
ევროპელი დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დეესკალაციისთვის მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩვნები. თუმცა ევროპელი დეპუტატები თვლიან, რომ მომავალი არჩევნების ბედი არა პოლიტიკსოებმა არამედ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ისინი ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებენ და მათ მავნებელ ჩრდილოვან აქტორებად მოიხსენიებენ.
ევროპარლამენტარების მწვავე გზავნილები შეაფასეს თბილისში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროპელმა დეპუტატებმა მკაფიო გზავნილები გააკეთეს, თუმცა კრიზისიდან გამოსასვლელად ახლა მთავარი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას.
“ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ ცალკეული ევროპარლაემნტარების განცხადებებზე მკაფიო პოზიციას ვერ დააფიქსირებენ და ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას დაელოდებიან. მმართველი გუნდისთვის გუშინდელი დებატებიდან საყურადღებო მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მისამართით გამოთქმული კრიტიკა და პოლიტიკოსების საპარლამენტო პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებული მოწოდებები აღმოჩნდა.
გამართლდება თუ არა ევროპარლამენტარების მოლოდინი პოლიტიკურ შეთანხმებასთან დაკავშირებით მალე გაირკვევა. მმართველ გუნდს და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ე.წ მეხუთე რაუნდი შესაძლოა მიმდინარე კვირაში გაიმართოს. უკვე ცნობილია, რომ დიალოგს მედიაციას ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი გაუწევს.