გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. თეონა თამაზაშვილმა ჩვენება მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საქმეზე მისცა, რომელიც საქმეში ახალი ფიგურანტის – მარიამ შარაშიძის მიერ ბაჩალიაშვილების ოჯახისთვის მიწოდებულ „სქრინებს” შეეხება. თამაზაშვილის განცხადებით, მას კითხვები მიმოწერის ამსახველი მასალის მოპოვებასთან და დროსთან დაკავშირებით დაუსვეს. ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ ბრალდების მხარეს მისი წყობიდან გამოყვანა სურს, რათა საქმე სტრასბურგის სასამართლოში არ მოხვდეს. ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიებას მოწმისგან ამოღებულ მობილურ ტელეფონზე ექსპერტიზა ამ დრომდე არ დაუსრულებია.
საქმის პროკურორი, დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ თეონა თამაზაშვილის დაკითხვის შედეგად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. გუმბერიძის თქმით, პროცესზე ის საკითხები განიხილებოდა რასაც თავად თამარ ბაჩალიაშვილის დედა მიიჩნევდა საეჭვოდ. მისივე ინფორმაციით, პროკურატურა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საქმეზე დაწყებული გამოძიების შესახებ სამართლებრივ შეფასებას საზოგადოებას მალე გააცნობს.
ადვოკატებმა თამარ ბაჩალიაშვილის მეგობართან მიმოწერის ამსახველი ფოტოები რამდენიმე თვის წინ გენერალურ პროკურატურაში წარადგინეს. ადვოკატის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი მეგობარს წერს: „გარკვეული საშიშროება მელის. რამე თუ დამემართება, დედაჩემს დაუდექი გვერდით, შენთან მიმოწერა რომ მაქვს, უნდა წავშალო, რამე საშიშროება რომ არ შეემთხვას“.