ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უკვე მეხუთე დღეა არ წყდება საერთაშორისო კრიტიკა. ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას სპეციალური წერილით ამჯერად 8 ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიმართავს და მმართველ გუნდს სიტუაციის დამშვიდებისკენ მოუწოდებს. ჩეხეთის, პოლონეთის, ლატვიის, ამერიკის, ესტონეთის, ლიტვის, გერმანიისა და ბრიტანეთის საგარეო კომიტეტების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში თავისუფლებას თავს ესხმიან.
ნიკა მელიას დაკავებას აქტიურად ეხმიანება საერთაშორისო მედიაც. გავლენიანი ამერიკული გამოცემა “ბლუმბერგი” სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით „საქართველო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის პირველი კრიზისი“, რომელშიც ავტორი ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს განიხილავს. სტატიის ავტორი, ილაი ლეიკი ამბობს, რომ თუ ამერიკის ახალ მთავრობას მსოფლიო ლიდერობის დაბრუნება სურს, მათ საქართველოს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ და ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ქონების შესწავლა დაიწყონ.
რამდენად მაღალია იმის შანსი, რომ საერთაშორისო კრიტიკის ფონზე “ქართული ოცნების” ხელისუფლებას სანქციები დაუწესდეს – ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს პერიოდში ივანიშვილის გუნდზე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა სანქციების დაწესებამდე მმართველი პარტია დათმობაზე წავა და ოპოზიციის მოთხოვნების შესრულება მოუწევს.
ოპოზიციისგან განსხვავებით სანქციების დაწესებას არ ელოდებიან “ქართულ ოცნებაში” და ამბობენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთებული განცხადებების მთავარი მოწოდება მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომაა.
მართალია “ქართული ოცნება” სანქციების დაწესებას ამ ეტაპზე გამორიცხავს, თუმცა სწორედ საერთაშორისო პარტნიორების მწვავე განცხადებების შემდეგ შესთავზა მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიას, მათ მიერვე მოთხოვნილი პატიმრობის გირაოთი შეცვლა. რა იქნება ჩიხში შესული საგამოძიებო უწყების შემდეგი ნაბიჯი უცნობია. იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელია საპატიმროში დარჩება, შესაძლოა დასავლელი პოლიტიკოსების მკაცრი გზავნილები კონკრეტულ ქმედებებში გადაიზარდოს.