ირაკლი ღარიბაშივილმა ნიკა მელიას დაკავებას ცივილიზებული, თავად სპეცოპერაციას კი მაღალპროფესიონალური უწოდა. მისივე თქმით, კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს. ღარიბაშივლის შეფასებით, დღეს დამტკიცდა, რომ სამართლებრივი და ძლიერი სახელმწიფო ვართ. ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციას მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ქვეყანას ძლიერი პოლიცია და ეფექტური შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰყავს.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სპეცრაზმელებმა ნიკა მელია ძალის გადამეტების გარეშე დააკავეს. არჩილ თალაკვაძემ მომხდარზე და მოვლენების ესკალაციაზე პასუხისმგებლობა მელიას თანაგუნდელებს დააკისრა. მისი თქმით, ყველა დემოკრატიული სახელმწიფო მოიქცეოდა ისე, როგორც მოიქცა საქართველო. თალაკვაძემ ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კი ბედნიერია, რომ ნიკა მელიას დაკავებისას არავინ დაშავებულა. კახა კალაძის თქმით, ოკუპაციის 100 წლის თავზე ქვეყანაში კანონის პატივისცემა არ არსებობს, რაც მისივე თქმით, ეს ავტომატურად იწვევს ერთმანეთის და სახელმწიფოს უპატივცემულობას. დედაქალაქის მერი ყველაზე დიდ პრობლემად პოლიტიკური პარტიების რადიკალიზმს ასახელებს და ამბობს, რომ დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს.