ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია და შტურმი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე | 23.02.2021

დაუპატიჟებელი, მაგრამ მოსალოდნელი სტუმრები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, დღეს დილის 7:30 საათზე გამოჩნდნენ.

პოლიციამ ნიკა მელიას ნახევარ საათიანი გონივრული ვადა მისცა იმისთვის, რომ შენობა დაეტოვებინა და სამართალდამცავებს ჩაბარებოდა. პოლიცია ოფისში მყოფებს მოუწოდებდა, ოპერაციის ჩასატარებლად ხელი არ შეეშალათ.  ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად, მელია მისი დაკავების ოპერაციას  კაბინეტში ელოდა.

სპეცოპერაცია მალევე დაიწყო.  სახანძრო კიბის და ძალის გამოყენებით,  “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ყველა შესასვლელი რობოკოპებმა დაიკავეს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა  ოფისში ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა.  ამის შემდეგ პარტიაში შეკრებილი აქტივისტები და მელიას მხარდამჭერები შენობიდან ეტაპობრივად გავიდნენ.

სპეცრაზმმა  ნიკა მელიას კაბინეტის  კარი შეამტვრია, რასაც  სამართალდამცველებსა და მელიას მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმელებს მთავარი ოპოზიციონერი ლიდერისთვის ბორკილების დასადებად, რამდენიმე წუთი დასჭირდათ.

მელიას დაკავებიდან მალევე,  “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარე ტერიტორია სპეცრაზმმაც  დატოვა, თუმცა ადგილზე საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა.

ნიკა მელიას მხარდამჭერებისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდათ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს მასშტაბური სპეცოპერაციის ჩატარება.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით,  პოლიციამ წაიღო პარტიის სერვერებიც.  რა მიზნით, ეს ამ დრომდე უცნობია.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციის დროს 21 ადამიანი დააკევს. თუმცა რამდენიმე მათგანი მალევე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

თითქმის საათნახევრიანი სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებით შეაჯამა. ვახტანგ გომელაურის უწყების განმარტებით, პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას  პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ  და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა.  შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების, კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.