კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.08%-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში ჩატარებული 24 000-ზე მეტი ტესტიდან დადებითი მხოლოდ 507 აღმოჩნდა. COVID-19-ს გასულ დღე-ღამეში კიდევ 15 პაციენტის სიცოცხლე ესმხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3336-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან კიდევ 660 ინფიცირებული განიკურნა, შედეგად გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 256 684 შეადგინა. ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ დედაქალაქში ფიქსირდება, მეორე ადგილზე კი იმერეთია.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში უახლოეს პერიოდში შემოვა და აცრის პროცესიც გეგმის მიხედვით განხორციელდება. გიორგი გახარიას თქმით, ვაქცინაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოსახლეობის ჯანმრთელობის, არამედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისითაც. პრემიერი ამბობს, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის მინიმუმ 60% უნდა იყოს აცრილი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კი განმარტავს, რომ ვაქცინაციის დაწყება შეზღუდვების ავტომატურად შემსუბუქებას არ ნიშნავს.
ბოლო დღე-ღამეში 2 ადამიანი გარდაიცვალა და 55 ახალი შემთხვევა დადასტურდა ოკუპირებულ აფხაზეთში. რეგიონში საერთო ჯამში, კორონავირუსის 11 988 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 11 307 და დაღუპულია 189 ადამიანი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 10 მარტამდე გახანგრძლივებას მოაწერა ხელი. თუმცა, რეგიონში 15 თებერვლიდან საბავშვო ბაღები და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სკოლები იხსნება, 22 თებერვლიდან კი საკლასო ოთახებს მე-5-11 კლასის მოსწავლეებიც დაუბრუნდებიან.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ბავშვებში გამოყენება, შესაძლოა, სექტემბრისთვის ნებადართული იყოს. Pfizer– მა და Moderna– მ ვაქცინების ბავშვებზე გამოცდა უკვე დაიწყეს. Pfizer-ის კვლევებში 12დან 15 წლამდე ასაკის 2 259 ბავშვია ჩართული. Moderna კი 12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს ცდის და განახლებული მონაცემების წარდგენას მიმდინარე წლის შუა რიცხვებისთვის გეგმავს. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 108 მილიონს გადააჭარბა, 2 378 824 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 80 მილიონზე მეტია. ამ დროისთვის მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რიცხვი 25.4 მილიონს შეადგენს. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.