11 თებერვლის სინოდის სხდომა დასრულდა – სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა. სასულიერო პირები სინოდის სხდომაზე, დაახლოებით 2 საათი მსჯელობდნენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი დავით გარეჯის თემა იყო. სინოდმა დაადგინა, რომ აზერბაიჯანთან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 1937-38 წლის რუკით უნდა გაევლოს. სწორედ ამ რუკის უგულებელყოფას ედავება პროკურატურა საზღვრის დამდგენი კომისიის წევრებს ივერ მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას. სინოდის გადაწყვეტილებით, დავით გარეჯის თემაზე საპატრიარქოს ტელევიზია გადაცემათა ციკლსაც მოამზადებს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დღეს წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს, ვაქცინაციის თემაა. მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო, ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი. სასულიერო პირების განამრტებით, მათი სურვილია, ადამიანებს მოუხსნან შეხუდულება, რომ ვაქცნაცია არის ჩიპიზაცია.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ისაუბრა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას საკითხზეც.
სასულიერო პირებმა ისაუბრეს სინოდის სხდომამდე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელშიც თეოლოგთა ნაწილი ამბობდა, რომ დღეს პატრიარქის გადაყენება იგეგმებოდა. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ეკლესიის კრიტიკოსებს “მტრულად განწყობილ” ძალებს უწოდებს და ამბობს, რომ ბოლო დროს ისინი საკმაოდ მომძლავრდნენ.
ამ ეტაპზე უცნობია, იმსჯელა თუ არა რაიმე სახით წმინდა სინოდმა ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებული სასულიერო პირის საკითხზე. დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა საპატრიარქოსთან სპეციალური ბანერით სინოდის დაწყებამდე მივიდა. თორნიკე მამალაძე სინოდის წევრებს მოუწოდებს, შექმნან კომისია და ციანიდის საქმესთან დაკავშირებით იმსჯელონ. მამალაძემ მოთხოვნა სასულიერო პირებს თავად გააცნო.
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი იყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს მეუფე მიქაელმა სინოდის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, მეუფე გრიგოლ კაცია, რომელიც მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენების შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიაში დაინიშნა, თავის ეპარქიაში, წალკაში დაბრუნდა. კიდევ რა საკითხებზე შეთანხმდნენ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება. საპატრიარქო სპეციალურ განჩინებას ამზადებს.