კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 2,54%-ს შექადგენს. ბოლო 24 საათში გატესტილი საეჭვო სიმპტომების მქონე 22 000-მდე ადამიანიდან COVID-19-ი მხოლოდ 557-ს დაუფიქსირდა, რითაც საერთო რაოდენობა 264 158-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში ინფექციის კიდევ 10 პაციენტი დაიღუპა, ხოლო 639 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3 321-ს, ხოლო განკურნებულთა ჯამი – 256 024-ს შეადგენს. ახალი შემთხვევბის თითქმის ნახევარი თბილისში გამოვლინდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით მუშაობა Covax პლატფორმის მიღმაც მიმდინარეობს. დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში ხელშესახები შედეგები გვექნება. ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ქვეყნებთან მოლაპარაკებები ინდივიდუალურად მიმიდნარეობს, რომ ზედმეტი დოზები საქართელოსთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
მსოფლიოში კი ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 152 200 000-ზე მეტ ადამიანს აქვს ჩატარებული. მათ შორის, აშშ-ში 46 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, ჩინეთში – 40 მილიონზე მეტი, ევროკავშირში საერთო ჯამში ვაქცინაცია 18.5 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ბლუმბერგის ინფორმაციით, ამ ტემპით მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 2 დოზით სრულ ვაქცინაციას 5 წელზე მეტი დასჭირდება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისევ ისრაელში მიმდინარეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა „ასტრაზენეკას“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი ვაქცინის ფართოდ გამოყენების რეკომენდაციაც გასცა. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ვაქცინა უსაფრთხოა და მისი გამოყენება 65 წელს გადაცილებულ ადამიანებშიც შეიძლება.