ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს | 11.02.2021

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს. წარმომადგენელთა პალატის ახალ შემადგენლობას დოკუმენტი საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერმა და ჯერი კონოლიმ წარუდგინეს. დოკუმენტი საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას ადასტურებს. მასში  აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთი არეულობას აღვივებს დახმარებას უწევს სეპარატისტულ მოძრაობებს და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს ახდენს. საქართველოს მხარდამჭერი აქტი მხარს უჭერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებელ პირთა მიმართ სანქციების დაწესებასაც.

“12 წელზე მეტი გავიდა, რაც რუსული ჯარები შეიჭრნენ და მოახდინეს საქართველოს მიწების ოკუპაცია. თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის პირობებშიც კი, საქართველო დაუღალავად მუშაობდა დემოკრატიის განვითარებისა და თავისი ხალხის დამოუკიდებლობისთვის. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელახლა წარვადგენთ ამ კანონპროექტს. მე, როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მტკიცედ ვდგავარ ჩვენი ქართველ მეგობრების გვერდში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, კონგრესმენ კონოლის, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსადმი თავდადებისთვის,” – აცხადებს კონგრესმენი ადამ კინზინგერი.

“მეამაყება, რომ კვლავ წარვადგენ საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რომელიც განამტკიცებს აშშ-საქართველოს უმნიშვნელოვანეს  პარტნიორობას. ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს,  რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიულ განვითარებას და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით, რუსული აგრესიის პირობებში. როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მოხარული ვარ, რომ მოცემული დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველო დიდი ხანია ნატოს ასპირანტი ქვეყანაა,” –  აღნიშნა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ.

ამერიკის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის კიდევ ერთხელ წარდგენას უპრეცენდენტოს უწოდებს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანის  თქმით, ის ფაქტი, რომ კონგრესის ახალი შემადგენლობა კვლავ მნიშვნელოვან ადგილს უთმობს საქართველოს საკითხს, მიანიშნებს, იმაზე, რომ საქართველო შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების დღის წესრიგში მუდმივად არის.