ოკუპანტების მორიგი ტყვე – 21 წლის ერიკ დრულევი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს | 09.02.2021

ოკუპანტების მორიგი ტყვე –  21 წლის ახალგაზრდა, ერიკ დრულევი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა როკის გვირაბთან აიყვანეს.    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკვე ინფორმირებულია ცხელი ხაზი და სრული პასუხისმგებლობა ასეთ შემთხვევებზე რუსეთს ეკისრება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანონო დაკავებები მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაძაბულობისა და საპროტესტო მუხტის გაღვივებას.

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, 35 წლის რამაზ ბეღელურს, ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ოჯახის ინფორმაციით, ბეღელური საკუთარი მიწის ნაკვეთიდან უკვე მეორედ გაიტაცეს. ოკუპანტები  მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან. მომხდარზე  გააქტიურებულია  ცხელი ხაზი და ინფორმირებულია  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. ბეღელური ოკუპანტებმა სოფელ გუგუტიანთკარიდან 3 თებერვალს გაიტაცეს.