ემზადება თუ არა თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის პოსტის დასაკავებლად – “ოცნების” გუნდის უცვლელმა მაღალჩინოსანმა, მედიის კითხვებს დღეს არ უპასუხა და საკომიტეტო დარბაზი დაცვის თანხლებით დატოვა. უმრავლესობის ახალი ინიციატივით, სულ მალე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ისევ ორ ნაწილად გაიყოფა, თუმცა ვის ჩააბარებს კულტურის მინისტრის პორტფელს პრემიერი გახარია, მმართველ გუნდში ამას საიდუმლოდ ინახავენ.
კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი რომ დიდი ალბათობით თეა წულუკიანი გახდება ამაზე უმრავლესობის წევრებმა დღეს ირიბად მიანიშნეს. ამბობენ, რომ წულუკიანი მისი წარსულის გათვალისწინებით უწყებას ღირსეულად გაუძღვება, თუმცა მისი კანდიდატურის ოფიციალურად დასახელებისგან ჯერ მაინც თავს იკავებენ. “ოცნების” გუდში ამბობენ, რომ წულუკიანის მთავარი ღირსება ის პრინციპულობაა, რომელიც მან აქამდე არაერთხელ გამოავლინა.
“ქართული ოცნების” პოზიციის გახმოვანებამდე კულტურის სფეროს მუშაკები შიშობენ, რომ ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობას ის პირი დაიკავებს, ვისთვისაც სიძულვილის ენის გამოყენება უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მხატვარი გია ბუღაძე არ გამორიცხავს, რომ წულუკიანი პოსტზე მხოლოდ მისი ახირებების გამო დანიშნონ, ამიტომ სამინისტრო ერთი ადამიანის უწყებად გადაიქცევა. კულტურის პალატის თავმჯდომარის, დავით ოქიტაშვილის აზრით კი იუსტიციის ყოფილი მინისტრი ეფექტური პოლიტიკის გაატარებას და კულტურისთვის ძველი დიდების დაბრუნებას შეძლებს.
გელათის დაუსრულებელი რესტავრაცია, გაჩერებული თეატრები, კინოები და უსამსახუროდ დარჩენილი არაერთი კულტურის მუშაკი და სპორტსმენი – ეს ის პრობლემებია, რომელთა მოგვარება მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრს მოუწევს. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ წულუკიანი სამთავრობო პოზიციას მხოლოდ იმიტომ უბრუნდება, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პირადი კადრია. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ 2018 წელს სამინისტროების ერთ უწყებად გაერთიანება ის დიდი შეცდომა იყო, რამაც სფერო მთლიანად ჩამოშალა.
“ქართულმა ოცნებამ” კი უკვე აღიარა რომ 2 წლის წინ ორი სამინისტროს გაერთიანება წარუმატებელი რეფორმა აღმოჩნდა, რამაც კულტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.