რას ითხოვს საქართველოს კლინიკების ასოციაცია – სპეციალური განცხადება | 29.01.2021

საქართველოს კლინიკების ასოციაცია საზოგადოებას კორონავირუსის ვაქცინის დროული შემოტანის მიზნით გაერთიანებისკენ მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების რეაგირებას კი დაგვიანებულს უწოდებს. ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოში ვაქცინის რაოდენობის დეფიციტია და მხოლოდ კოვაქს პლათფორმაზე დაყრდნობა არასაკმარისია, ამიტომ ვაქცინის მოსაპოვებლად დამატებითი წყაროების მოძიებაა საჭირო. კლინიკების ასოციაცია მიიჩნევს, რომ პანდემიის მესამე ტალღის თავიდან აცილება მხოლოდ ვაქცინაციის დროული დაწყებით არის შესაძლებელი. ასოციაცია ასევე ჯანდაცვის სისტემაში საკადრო ცვლილებების დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს და აცხადებს, რომ უწყება პროფესიული ნიშნით შერჩეული მაღალკვალიფიციური კადრებით უნდა დაკომპლექტდეს.

მიიღებს თუ არა საქართველო თებერვალში Pfizer-ის ვაქცინას ეს კოვაქს პლატფორმის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. როგორც ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი აცხადებს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი როგორ გადანაწილდება ვაქცინის დოზა და 51 ქვეყნიდან რომელს შეარჩევს კოვაქს პლატფორმა.  ამირან გამყრელიძის თქმით საქართველო შედის იმ 12 ევროპულ ქვეყანას შორის, რომელიც აკმაყოფილებს Pfizer-ის ვაქცინის ლიმიტირებული დოზების მისაღებად საჭირო ყველა პირობას. ამირან გამყრელიძე ირწმუნება, რომ ვაქცინების მოსაპოვებლად ინტენსიური, მუშაობა სხვადასხვა ქვეყანასთან და მწარმოებლებთან  მიმდინარეობს.