გადაწყვეტიოლება მიღებულია – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიან პარლამენტში შედიან | 29.01.2021

ხანგძლივი ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილება მიღებულია – პარტია “მოქალაქეების” ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საქართველოს პარლამენტში შედიან. 3 თვიანი მცდელობისა და მოლაპარაკებების შემდეგ პარტიის ლიდერები “ქართულ ოცნებასთან” საარჩევნო საკითხებზე შეთანხმდნენ და ხელი შესაბამის დოკუმენტსაც მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ცესკოს ახალი თავმჯდომარე ეყოლება, ყველა საარჩევნო უბნიდან კი ამომრჩეველს პირდაპირი ეთერის ნახვა შეეძლება.

პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც პარლამენტის ერთპარტიულობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საკანონდებლო ორგანოში 1 მარტს უნდა დაინიცირდეს, განხილვა კი 1 მაისამე უნდა დასრულდეს. ელისაშვილისა და იოსელიანის თქმით, თუ “ოცნება” პირობას არ შეასრულებს ისინი ვადის ამოწურვის შემდეგ პარლამენტს დატოვებენ.

ოპონენტებთან დღეს გაფორმებულ შეთანხმებას მნიშვნელოვან მიღწევად აფასებენ “ქართულ ოცნებაში”. მმართველი გუნდის წევრები საარჩევნო რეფორმის გატარების სრულ მზაობას გამოთქვამენ და ირწმუნებიან, რომ უახლოეს პერიოდში პარლამენტში სხვა ოპოზიციური ძალებიც გამოჩნდებიან.

ყოფილი თანამოაზრეების მიერ დღეს გახმოვანებული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის. ისინი ელისასვილი – იოსელიანის პარლამენტში შესვლას სამარცხვინოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით პარტია “მოქალაქეების” ლიდერები “ქართულ ოცნებაში” უკვე ოფიციალურად გაწევრიანდნენ.

ელისაშვილი არ არის ერთადერთი, ვინც მმართველ პარტიასთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრებს მართავს. პოლიტიკური პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ადასტურებს, რომ მამუკა მდინარაძეს შეხვდა, თუმცა კონკრეტულად რაზე ისაუბრეს არ ამბობს. “გირჩის” ლიდერი აღნიშნავს, რომ მისთვის მხოლოდ ცალკეული პირობების დაკმაყოფილება პარლამენტში შესვლისთვის საკმარისი წინაპირობა არაა.

პარტია “მოქალაქეები” ხალხის მიერ არჩეული პირველი ოპოზიციური პარტიაა, რომელმაც პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ახლა მთავარი კითხვაა გამოჩნდებიან თუ არა ოპოზიციურ ბანაკში ისეთი პარტიები, რომლებიც ელისაშვილის მსგავსად საკანონდებლო ორგანოს მუშაობას შეურთდებიან. დრო კი იწურება – თებერვლის დასაწყისში ოცნების გუნდი,  51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილებას ოფიციალურად შეუწყვეტს.