ვინ დათმობს სადეპუტატო მანდატს – საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირა რჩება. ბოიკოტის რეჟიმის შეწყვეტას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ აპირებს. ამბობენ, რომ არაერთი მოლაპარაკების მიუხედავად, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება არ შეცვლილა, სწორედ ამიტომ უცლელი რჩება მათი მთავარი მიზანი.
ოპონენტები მმართველ გუნდს ურჩევენ, მანდატების თემით სპეკულაცია დროულად დაასრულონ. ამბობენ, რომ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს მოთხოვნების შესრულებამდე გამოუცხადებენ. ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს.
ამ დროისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატზე უმრავლესობას უარი აქვს ნათქვამი. გამონაკლისია პარტია “მოქალაქეები” და “გირჩის” სამი წევრი. ვახტანგ მეგრელიშვილი განმარტავს, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს, არ ემიჯნებიან, თუმცა “გირჩის” ლიდერი ოპოზიციის შიგნით კრიზისზეც ღიად საუბრობს.
ოპოზიციისთვის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის შესახებ უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა. თუმცა “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია პარლამენტი იმ შემადგენლობით იყოს დაკომპლექტებული, როგორც ხალხმა აირჩია.
პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტის საკითხს კენჭს 2 თებერვალს უყრის. სწორედ ერთ კვირაში გაირკვევა, რამდენპარტიული პარლამენტი ეყოლება ქვეყანას.