აქტივისტს, რომელმაც დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგავი დააყარა, აღკვეთი ღონისძიების სახით 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა. მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტის, ირაკლი ფანგანის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკისრებული გირაოს გარდა, ირაკლი ფანგანს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან საქმის საბოლოო განხილვამდე, მიახლოება ეკრძალება. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. თავად ბრალდებული ამბობს, რომ საქციელს არ ნანობს.
ირაკლი ფანგანმა აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს, ქუჩის სანაგვე ურნიდან ნაგავი 23 იანვარს დააყარა, მაშინ, როცა იგი ამბასადორის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციასთან ნახეს. მიზეზი, დეპუტატის მხრიდან, ბოიკოტზე უარი და აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლა იყო.