საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. ნატოს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა და ენს სტოლტენბერგმა საქართველოში რეფორმების გატარების მიმართ მიღწეული პროგრესი განიხილეს. სტოლტენბერგის თქმით, ეს პროგრესი საქართველოს აახლოვებს მის საბოლოო მიზანთან – ნატო-ში გაწევრიანებასთან. ნატოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და განაცხადა, რომ საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. საქართველოს პრეზიდენტმა კი ქვეყანასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები და თანამშრომლობა, ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.