1 თებერვლიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა იწყება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში კი მუშაობას მხოლოდ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები გაანაახლებენ. სკოლები და მუნიციპალური ტრანსპორტი ფუნქციონირებას ამ ქალაქებში 1 მარტიდან დაიწყებენ. 15 თებერვლიდან ყველა ქალაქში გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები.
1 მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება 21:00 საათიდან, დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. 1 მარტიდან აღდგება საბავშვო ბაღების მუშაობა. დაგეგმილია პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების აუდიტორიებში სტუდენტების დაბრუნებაც. განათლების მინისტრი ამბობს, რომ სასწავლო დაწესებულებებში მასწავლებლების ტესტირება ყოველ ორ კვირაში მოხდება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1 თებერვლიდან არ გაიხსნება რესტორნები. გამონაკლისი მხოლოდ აჭარა იქნება, სადაც სტუმრების მიღება მხოლოდ ღია სივრცეებში არსებულ ობიექტებს შეეძლებათ. კვლავ აკრძალული რჩება ქორწილების, სოციალური ღონისძიებების და წვეულებების გამართვა. შეზღუდვების მოხსნა ასევე არ შეეხებათ სამთო-სათხილამურო კურორტებს.