გაიზრდება თუ არა დამნაშავეთა წრე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე. გახმაურებული საქმის ახალი მტკიცებულებების გასაჯაროების შემდეგაც, იურისტები და ბრალდებულთა ოჯახის წევრები პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ. ივერი მელაშვილის ცოლი ამბობს, რომ მისი მეუღლის კაბინეტში, ფარულ ვიდეო ჩანაწერში არაფერი თქმულა ისეთი, რაც დანაშაულზე მიუთითებს. თამარ სულაძე საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს და აინტერესებს, რატომ მალავდა პროკურატურა, 2020 წლის 28 სექტემბრით დათარიღებულ ჩანაწერს.
ე.წ. კარტოგრაფების საქმის მასალებს, კიდევ ერთი ჩვენება დაემატა. საქართველოს პრეზიდენტი 12 იანვარს გამოიკითხა, ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო იმ დროს, როცა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ჩვენებაში პრეზიდენტი ამბობს, რომ საზღვრის დადგენის საკითხებზე მომუშავე კომისიას არასდროს დასწრებია და არ იცის კომისიის მუშაობის შინაარსი. პროკურატურის კითხვაზე, ესწრებოდა თუ არა ის 2005 წელს ბაქოში აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის გამართულ შეხვედრას და იყო თუ არა იქ საუბარი საზღვრის შეთანხმებაზე და კონკრეტულ მონაკვეთებზე – სალომე ზურბაშვილი პასუხობს, რომ მსგავსი საუბარი არ ახსოვს, თუმცა არ გამორიცხვას, რომ სააკაშვილი კოლეგასთან მსგავს თემაზე შეთანხმებულიყო.
ე.წ.კარტოგრაფების საქმეზე გამოძიების დაწყების ერთადერთ მოტივად ოპოზიცია პოლიტიკურ შურისძებას ასახელებს. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ საგამოძიებო უწყება, აბსურდული მტკიცებულებებით, წინა ხელისუფლების, მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ცდილობს.
ოპოზიციის ბრალდებების საფუძველს ვერ ხედავს მმართველი გუნდი. “ქართულ ოცნებაში” ამტკიცებენ, რომ საქმე ეხება სერიოზულ დანაშაულს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ტერიტორიებს და ისტორიული მნიშვნელობის თემას.
გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე გამოძიება დაასრულა. ამიერიდან საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება. კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.