პროკურატურის ფარული აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები კარტოგრაფების საქმეში | 21.01.2021

ახალი ვიდეო-აუდიო მტკიცებულება კარტოგრაფების საქმეში. პროკურატურამ, საგანგებო ბრიფიგზე, 20 წუთიანი ვიდეო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც გამოძიების მტკიცებით, საუბარი დავით გარეჯის მიმდებარედ, საქართველოს ინტერესების საზიანოდ საზღვრის შეთანხმების საკითხს ეხება. როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვულმა თქვა, ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა ბრალდებული ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში მიმდინარეობა. ჩანაწერი  2020 წლის 28 სექტემბერით თარიღდება და მასში ივერი მელაშვილისა და სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმდჯომარეს შორის გამართული საუბარია აღწერილი.

სწორედ ეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არის ერთ-ერთი მთავარი სამხილი, რომელითაც პროკურატურა ცდილობს დაკავებულებს ბრალი დაუმტკიცოს. პროკურატურის მტკიცებით, აუდიო-ვიდეო ჩანაწერში, რომელიც მათ ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში ჩაწერეს, დასტურდება, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ შეთანხმდა. პროკურატურის ვერსიით, დავით გარეჯის მიმდებარედ არსებული მონაკვეთის მსგავსად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა, მე-17 სარწყავი არხის მონაკვეთი და ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებული მონაკვეთი.

კარტოგრაფების საქმეზე  ბრალდებულების ადვოკატები თვლიან, რომ   სასამართლო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე დანაშაულის მოტივის გამოკვეთა და ამ დრომდე უცნობი მტკიცებულებების შემოტანა საქმეში, საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენას ისახავს მიზნად. ადვოკატები თვლიან, რომ ახალი მტკიცბულებები საქმეში ვერაფერს შეცვლის.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. სასამრთლოს სხდომა 28 იანვარს გაიმართება.