ალეკო ელისაშვილი მზად არის “ქართულ ოცნებას” საჯაროდ, ტელეკამერების თანდასწრებით შეხვდეს | 21.01.2021

ალეკო ელისაშვილი მზად არის “ქართულ ოცნებას” საჯაროდ, ტელეკამერების თანდასწრებით შეხვდეს. ამის შასახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა. რიგგარეშე არჩევნები და პლებისციტი, პოლიტპატიმრების საკითხი, საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება – ეს ის საკითხებია,  რისი განხილვაც ელისაშვილს უმრავლესობასთან სურს.

“ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი… ასევე მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო “ქართულ ოცნებას” – ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს ხართ თუ არა მზად შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად,” – წერს ალეკო ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის „ქართული ოცნებაც“ მზად არის. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვილსკი ამბობს, რომ ელისაშვილის გადაწყვეტილება და პოზიცია სახელმწიფოებრივია და უპირისპირდება იმ პოზიციას, რომელიც გააჩნია არამარტო სააკაშვილს, არამედ „საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე მხარეს”.

ელისაშვილის გეგმები აქტიური აღარ არის ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ოპოზიცის შეხვედრები მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, თუმცა მათი განმარტებით,  იქ პარტია “მოქალაქეების” დასწრება აღარ განიხილება. ოპოზიცია ამბობს, რომ მათი გეგმა ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე, უცვლელია. მათივე განცხადებით, ერთპარტიული მმართველი გუნდისთვის ერთპარტიული პარლამენტი უფრო დამაზიანებელია, ვიდრე ის, რომ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში იყოს წარმოდგენილი. ოპოზიცია პარლამენტის გარეთ ღონისძიებებისთვისაც ემზადება.