ელისაშვილი-გირჩის გაერთიანება მოლაპარაკებების ჩაშლაში „ევროპულ საქართველოს“ ადანაშაულებს | 19.01.2021

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი სავარაუდოდ იანვრის ბოლოს გაიმართება. მანამდე კი ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება მწვავდება. ელისაშვილი – “გირჩის” გაერთიანება მოლაპარაკებების ჩაშლაში “ევროპულ საქართველოს” ადანაშაულებს. “გირჩის” და პარტია “მოქალაქეების” ლიდერები აცხადებენ, რომ “ევროპულ საქართველოს” შეთანხმების მიღწევა პოლიტიკურად არ აწყობთ, ვინაიდან მათი თქმით პარტიის ვერც ერთი ლიდერი პარლამენტში ვერ მოხვდა.

“გირჩი” – “მოქალაქეების” ბრალდებებს კრიტიკით პასუხობენ “ევროპულ საქართველოში”. მათი თქმით პარტიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოლაპარაკებები რაიმე შედეგამდე მისულიყო. “ნაციონალურ მოძრაობაში” კი თვლიან, რომ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს პერსპექტივა არ გააჩნია, ვინაიდან ქართული ოცნება პოზიციებს არ ცვლის.

ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებას აფასებენ მმართველ გუნდში. “ქართული ოცნების” წევრების თქმით ის რაც ოპოზიციურ პარტიებს შორის ხდება მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციის ნაწილს პარლამენტში შესვლა სურს, “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა’ კი ახალ პარტიებს განვითარების საშულებას არ აძლევენ.