საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 964 ტესტი ჩატარდა. ვირუსს კიდევ 25 ადამიანი ემსხვერპლა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ქვეყანაში შემთხვევების კლების ტენდენცია დადებითია, თუმცა სიმშვიდის საფუძველი, ჯერჯერობით არ არსებობს.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს ქვეყანაში რეგულაციების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმის შემუშავება დაავალა. ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების მოხსნა ერთბაშად არ იგეგმება. ქვეყნის მთავარი ეპიდემილოგი ამბობს, რომ თუ პირბადის ტარების მაჩვენებლი 95%-ს მიაღწევს, ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები საგრძნობლად შემცირდება.
შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად, საკოორდინაციო საბჭო კორონავირუსის ვაქცინაციის გეგმაზეც აქტიურად მსჯელობს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი პრეპარატ “ფაიზერით” დაიწყება და შემდეგ შესაძლოა, ქვეყანამ “კოვაქსის” პლატფორმიდან “ასტრაზენეკასთან” დაკავშირებით შემოთავაზებაც მიიღოს. თამარ გაბუნია აცხადებს, რომ “კოვაქსის” პლატფორმისთვის უკვე შეკვეთილია ვაქცინის მილიონნახევარი დოზა, რომელიც მოსახლეობის 20%-ისთვის არის გათვლილი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 247 915 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 234 636 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 958 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 460 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 634 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 3 670 პირი.