ემუქრებიან თუ არა ვაშაძეს კომპრომატებით და რას პასუხობს ვაშაძე ელისაშვილი-„გირჩის“ შეთავაზებას | 18.01.2021

ახალი ინიციატივა, რომელიც ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება – ოპოზიციის ნაწილის მხრიდან გახმოვანებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ვადამდელი არჩევნები მხოლოდ თვითმართველობის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში დაინიშნება, ოპოზიცია მკაცრად აკრიტიკებს. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ახალი შეთავაზებები ოპოციიზის ერთობას აზიანებს.

რატომ თქვა უარი გიორგი ვაშაძემ კოლეგებთან შეხვედრაზე და ემუქრება თუ არა საფრთხე ოპოზიციურ ერთობას – ვაშაძის საჯარო უარს მალევე თავად ინიციატივის ავტორებიც გამოეხმაურნენ და  გამოთქვეს ვარაუდი, რომ შესაძლოა, ვაშაძეს კომპრომატებით ემუქრებიან.

“მოქალაქეებისა” და “გირჩის” მხრიდან გაკეთებული ამ ხმაურიანი განცხადების შემდეგ გიორგი ვაშაძე იძულებული გახდა რიგით მეორე განცხადებაც გაევრცელებინა და ოპოზიციონერი კოლეგებისთვის კიდევ ერთხელ მიემართა. მისი თქმით, პოზიციების შეცვლა მეხუთე რაუნდამდე რამდენიმე კვირით ადრე დაუშვებელია.

ალეკო ელისაშვილისა და “გირჩის” წევრების ახალ ინიციატივა გაუგებარი აღმოჩნდა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც. ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს პირდაპირ თქვეს, რომ ალეკო ელისაშვილი ახალი იდეებით პარლამენტში შესვლის გზას ეძებს.

მმართველი გუნდი კი კვლავ მოლოდინის რეჟიმშია. ოპოზიციის ბრალდების ფონზე, “ქართულ ოცნებაში” ჯერ არ ამბობენ ელიან თუ არა საკანონმდებლო  ორგანოში  ელისაშვილის “მოქალაქეებისა”  და ხვიჩია – მეგრელიშვილის “გირჩის” შესვლას. გია ვოლსკის თქმით, ოპოზიცია ახლა სააკაშვილის მძევალია, საპარლამენტო ბოიკოტის უკან კი მხოლოდ საბოტაჟი მცდელობა დგას.

როგორ შეიცვლება მდგომარეობა პოლიტიკურ ველზე და მივა თუ არა ოპოზიცია მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე შეთავაზებების ახალი პაკეტით. არსებული ინფორმაციით, დიალოგის მორიგი რაუნდის იანვრის ბოლომდე გაიმართება.