ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი დასრულდა. მუსლიმ და ქრისტიან თემებს შორის გადამწყვეტ შეხვედრაზე მხარეები, კონფლიქტის აღმოფხვრასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე შეთანხმდნენ. სოფლის ცენტრში გამართულ შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. ადგილობრივებმა თავიანთი პოზიციები გააჟღერეს და აღნიშნეს, რომ მშვიდობიანი ყოფა აუცილებელია.
მუსლიმებმა დღეს პარასკევის ტრადიციული ლოცვაც შეასრულეს. სოფლის ეკლესიაში ილოცა მართლმადიდებელმა მრევლმაც. პარასკევის ლოცვა სამართალდამცავების მობილიზების ფონზე მიმდინარეობდა. დილიდან სოფელ ბუკნარში დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს.
საპოლიციო ძალების მობილიზების მიუხედავად სოფელ ბუკნარში დაირისპირების გარეშე არც დღევანდელ დღეს ჩაუვლია. ერთმანეთს ოზურგეთის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ბესიკ ქათამაძე და “ქართული ოცნების” გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე დაუპირისპირდნენ. ბესიკ ქათამაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართული ოცნების” წარმოამდგენლები გასცემდნენ ცრუ დაპირებას, რომ ადგილობრივ მუსლიმურ თემს მეჩეთის მშენებლობა შეეძლებოდათ, რამაც სოფელში ამჟამად არსებული დაძაბულობა განაპირობა. “ქართული ოცნების” დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ კი ბესო ქათამაძე პროვოკაციაში დაადანაშაულა, რასაც ხმაური მოჰყვა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სამართალდამცველებმა ადგილიდან განარიდეს.
გურიაში იმყოფება არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენლები. ისინი შექმნილ მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ.
გურიაში განვითარებულ მოვლენებს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი. გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა მოქალაქეების უფლებების შეზღუდვას არ დაუშვებს.
რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ბუკნარში მცხოვრები მუსლიმები სოფელში მეჩეთის აშენებას და ლოცვის უფლებას ითხოვდნენ, რასაც სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა აპროტესტებდა.