ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს და საჯაროობასაც წყვეტს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც თავად ამბობს ეს არის ბოლო ინტერვიუ, რის შემდეგაც ყოფით ცხოვრებას უბრუნდება. ივანიშვილი ირწმუნება, რომ “ქართული ოცნების” გუნდთან პოლიტიკურ საკითხებზე ყოველგვარ კონსულტაციებს წყვეტს, არ იქნება მათი მხარდამჭერი და აღარც რჩევებს ან შენიშვნებს მისცემს. მისი მაქსიმალური აქტიურობა კი არჩევნებზე მისვლა და პოზიციის დაფიქსირება იქნება.
ივანიშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” გუნდი ღირსეულია და ქვეყნის მართვას მის გარეშეც შეძლებს, თუმცა შიშობს ერთადერთს, რომ მმართველი პარტიის წევრებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს. თუმცა ასეთი სცენარის განვითარებას ივანიშვილი მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში არ ელოდება.
“ქართული ოცნების” ყოფილმა თავმჯდომარემ მისი უკვე ყოფილი გუნდის ოპოზიციაში გადანაცვლებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილი იმედოვნებს, რომ “ქართულ ოცნებაზე” ჯანსაღი პოლიტიკური ძალა გაჩნდება და მმართველ გუნდს ოპოზიციაში გადანაცვლება მოუწევს. ოლიგარქი დარწმუნებულია რომ დიდი გამოცდილების მქონე ქართველი ხალხი “ქართულ ოცნებას” როგორც თავად ამბობს, ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს.
ივანიშვილმა ვრცელ ინტერვიუში რამდენჯერმე გააკრიტიკა ოპონენტები. ამბობს, რომ ოპოზიცია არაკონსტრუქციული და ძალადობაზე ორიენტირებულია. ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილიც გააკრიტიკა და თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტზე ღირსეულად, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოიქცა.
ბიძინა ივანიშვილმა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტი უკვე მეორედ 11 იანვარს დატოვა. ოლიგარქმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკას ამჯერად საბოლოოდ ტოვებს და 2011 წლამდე კერძო ცხოვრებას უბრუნდება. ივანიშვილი საზოგადოებას არწმუნებს, რომ მისია უკვე შეასრულა და ქვეყნის მართვის სადავეებს საბოლოოდ ჩამოსცილდა.