უკვე ყოფილ თანაგუნდელებთან, საჯარო გამომშვიდობების შემდეგ, “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილს პასუხობს. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება “ქართული ოცნების” დამფუძნებლის გარეშეც შეუძლიათ.
9 წლიანი ისტორიის დასრულების შემდეგ, ერთადერთი რჩევა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ყოფილ თანაგუნდელებს დაუტოვა, პარტიის შიგნით ურთიერთობებს ეხება. ივანიშვილი ფიქრობს, რომ აუცილებელია “ქართული ოცნების” ლიდერებს ერთმანეთთან ურთიერთობების გარკვევა არ გაუძნელდეთ. ოცნება ირწმუნება, რომ ლიდერის წასვლის შემდეგ, მმართველი გუნდის ერთობას საფრთხე არ ემუქრება.
ბიძინა ივანიშვილის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, “ქართული ოცნება” ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე დადგა. ივანიშვილის გარეშე პირველ პოლიტსაბჭოს სხდომას მმართველი გუნდი შაბათს გამართავს. პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს, რომელიც უკვე ცნობილია, რომ ირაკლი კობახიძე იქნება. ამავე შეკრებაზე ცნობილი გახდება “ქართული ოცნების” 21 კაციანი პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობაც.