24 გარდაცვლილი, 1857 ახალი ინფიცირებული და 993 გამოჯანმრთელებული – ასეთია ბოლო მონაცემებით კოვიდ სტატისტიკა ქვეყანაში. გასულ 24 საათის განმავლობაში 18 000-მდე ადამიანი გაიტესტა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 11 583-ია, 817 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 241 637-ს, მათგან 227 208 განკურნებულია, ხოლო – 2 820 დაღუპული.
ეპიდვითარება დამძიმდა ოკუპირებულ აფხაზეთში. ე.წ. საკოორდინაციო საბჭომ, დე ფაქტო მთავრობას კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების კიდევ ერთი თვით – 15 თებერვლამდე გაგრძელება შესთავაზა. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 961 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 142 პაციენტი, 7 506 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული სკოლები 15 იანვრიდან იხსნება ოკუპირებულ ცხინვალში. გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო ცხინვალში 21 ოქტომბრიდან სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ თებერვლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ყველა ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჯანმო მთავრობებს, მწარმოებლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და რელიგიურ ლიდერებს ვაქცინაციისთვის მასობრივი მობილიზაციისკენ მოუწოდებს. კომპანია Moderna ამტკიცებს, რომ მათი ვაქცინა მინუმუმ 1-წლიან იმუნიტეტს ქმნის. ასევე ფარმაცევტული კომპანია ირწმუნება, რომ მის მიერ გამოყენებული ტექნოლოგია ეფექტურად მოქმედებს კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგაც, რომელიც მთელ რიგ ქვეყნებში გაჩნდა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 91 მილიონზე მეტია, ლეტალობის მაჩვენებელმა კი 2 მილიონს გადააჭარბა.