პირველად, ქართული ეკლესიის უახლეს ისტორიაში, შობის წირვა, საშობაო ეპისტოლეს გარეშე დასრულდა | 07.01.2021

პირველად, ქართული ეკლესიის უახლეს ისტორიაში, შობის წირვა,  საშობაო ეპისტოლეს გარეშე დასრულდა.  მიმართვა, რომელსაც მრევლი მთელი წელი ელოდებოდა, რამდენიმე საათის წინ,  წერილობით გავრცელდა.  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საშობაო ეპისტოლეში ერთ-ერთ საკითხად პანდემიასაც შეეხო. როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ის, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა.

ქართველ თეოლოგთა ნაწილი, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს გამოქვეყნებამდე  კრიტიკულ წერილს  ავრცელებს.  თეოლოგები   მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობენ.  გზავნილში, სახელად “ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლე” აღნიშნულია, რომ ორხელისუფლებიანობა და ერთ კათედრაზე ორი მღვდელმთავრის ყოფნა საეკლესიო სამართლის კანონის მიხედვით დაუშვებელია. იგულისხმება თანამოსაყდრის, შიოს დანიშვნა.  წერილს ხელს აწერს  14 თეოლოგი და საეკლესიო ისტორიის ორი მკვლევარი.  გზავნილში  ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე. თეოლოგები ფიქრობენ, რომ ე.წ. ციანიდის საქმემ ეკლესიაში არსებული დაპირისპირებები აშკარა გახადა. წერილის ავტორები ასევე  გმობენ საქართველოს საპატრიარქოს ე.წ. კარტოგრაფების საქმეში პირდაპირ მონაწილეობას. წერილში საუბარია ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსის პეტრე ცაავას უკანონოდ დასჯაზე.