განახლება და დიდი გადაადგილება პარტიაში – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე ნიკა მელია საჯარო მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას ბევრ სიახლეს პირდება. მელია ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდის დასამარცხებლად აუცილებელია უკვე არსებული ფრონტი კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს და პარტიას ახალი სახეები შეურთდნენ. პარტიის თავმჯდომარის თქმით, გადალაგება არც ვინმეს ჩამოშორებას და არც ვინმეს უკან დახევას არ გულისხმობს.
“ნაციონალურ მოძრაობაში” სწორედ დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა და ეს კანონზომიერია. ცვლილებების აუცილებლობა არ ნიშნავს იმას, რომ აქამდე ბევრი რამე არასწორად ხდებოდა, არც იმას რომ ვინც წინა ფლანგზე ჩანდა, დაუმსახურებლად ჩანდა და ამიერიდან აღარ უნდა ჩანდეს. ამ ძალის დასამარცხებლად არ კმარა და აშკარად გასაფართოვებელია არსებული ფრონტი. სწორედ ამიტომ აუცილებელია შემოგვიერთდეს ამ ქვეყნის რაც შეიძლება მეტი მოქალაქე, როგორც ენერგიით სავსე ახალგაზრდები, ახალი თაობა, ისე გამოცდილებით სავსე უფროსი თაობა. დიდი და მასშტაბური ფრონტი ყველას აძლევს ასპარეზს – მათაც ვინც აქამდე ჩვენთან ერთად არ იბრძოდა, მათაც ვინც ზურგს გვიმაგრებდა და ახლა მხარდამხარ იბრძოლებს და მათაც, ვინც აქამდე წინა ხაზზე იდგა. ჩვენ არ გვინდა ძველი ძალების ახლით ჩანაცვლება, ჩვენ გვინდა ჯამის შეცვლა და შესაბამისად – შესაკრებთა შეკრება და არა შესაკრებთა გადაადგილება.”